
ავტორი: მიხეილ ხაჩიძე
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
გერმანია პოეტებისა და მოაზროვნეთა ქვეყანაა. ეს კი დამსახურება გახლავთ იმ დიდი მწერლებისა და ფილოსოფოსების, როგორებიც იყვნენ გოეთე, კანტი, შილერი, ნიცშე და სხვა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გერმანელები ყოველთვის ლაპარაკობენ აკადემიური გერმანულით. პირიქით: ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება მრავალი სიტყვა ცოცხალი
მეტყველებიდან და სასაუბრო გამოთქმა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სკოლებიდან და სახელმძღვანელოებიდან
ნასწავლ გერმანულთან. ასე რომ, თუ გსურთ გერმანიაში სათანადო ადაპტაცია, აუცილებლად უნდა ისწავლოთ გერმანული ჟარგონები, ფრაზები და გამოთქმები, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სახელმძღვანელოებს შეუძლიათ შესანიშნავი საფუძველი მოგცეთ გრამატიკული ცოდნის დაგროვებისა და ზოგადი მეტყველების თვალსაზრისით. მაგრამ თუ აღმოჩნდებით პრაქტიკულ სასაუბრო გარემოში იმ ადამიანებთან, რომელთა მშობლიური ენა გერმანულია,
მიხვდებით, რომ სკოლის ან თუნდაც უნივერსიტეტის სახელმძღვანელოებით ნასწავლი გერმანული ცოცხალ გარემოში, ფაქტობრივად, გამოუსადეგარია. ჟარგონული სიტყვები არაფორმალურია და ხშირად ასოცირდება პირად და ზოგჯერ ტაბუდადებულ თემებთან, ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს ცოტა უხეში, თუმცა, ამავდროულად, სლენგი ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი ენობრივი ფორმაა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ენის განვითარებაზე. თუ გსურთ, უფრო მეტად ჰგავდეთ გერმანელს, ამაში დაგეხმარებათ ჟარგონების ცოდნა. მშობლიური ენის დონეზე გერმანულის ცოდნას მათ გარეშე ვერ
მიაღწევთ. ისინიც კი, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ მაღალ დონეზე ენას, სლენგების ცოდნის გვერდის ავლით ყველაფერს ვერ გაიგებენ. ვეცადე, ამ წიგნში შემეკრიბა და განმემარტა ყველა ის აუცილებელი გამოთქმა, ფრაზა, ჟარგონი თუ იდიომა, რომელიც თანამედროვე გერმანული ენისთვის დამახასიათებელია. ამას გარდა, მოყვანილი მაქვს მაგალითები და ლექსიკური შესიტყვებები. ეს წიგნი დაეხმარება გერმანული ენის შესწავლის მსურველებს, სტუდენტებს, გერმანულ ენოვან ქვეყნებში მცხოვრებლებს, გერმანულის მოყვარულებს, შეივსონ პრაქტიკული, ყოველდღიური გერმანული ენის მარაგი
და ცოდნა.
ავტორი
978-9941-9826-7-5
128
ქართული
უცხოენოვანი
2023

მიხეილ ხაჩიძე არის ქართველი ჟურნალისტი, მთარგმენლი, რომელიც მუშაობს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მედიაში. ის აშუქებს ომებს, საერთაშორისო პოლიტიკას და ადამიანურ ისტორიებს მსოფლიოს ყველაზე რთულ წერტილებში.
ის წერს უცხოურ მედიაში - მათ შორის გერმანული გამოცემებისთვის, როგორიცაა Jüdische Allgemeine, Shz, Hagalil, ასევე ინგლისურენოვანი გამოცემებისთვის - Kyiv Post-ის, Globalvoices-ისა და The Times of Israel-ისათვის.
საქართველოში კი თანამშრომლობდა არაერთ ტელევიზიასთან სხვადასხვა პერიოდში და ამჟამადაც მუშაობს რადიოში, როგორც საინფორმაციოს წამყვანი, ასევე წერს ქართული გამოცემებისა და გაზეთისთვის.
პარალელურად, ამზადებს ვიდეო პოდკასტებს მსოფლიო თემებზე - პოლიტიკიდან კულტურამდე, უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე.
მიხეილ ხაჩიძის მუშაობა აერთიანებს ომის, ტკივილისა და სიმართლის ძიებას - კამერით, მიკროფონით და სიტყვით. მისი პროფესიული დევიზია - I believe in independent, clear, and courageous journalism – especially where injustice is being silenced
ის იმყოფებოდა უკრაინაში - ბუჩაში, ირპინში, ჰოსტომელსა და კიევში, - იმ დღეებში, როცა ქალაქები ახლად იყო გათავისუფლებული რუსული ოკუპაციისგან. ბუჩაში ხაჩიძემ პირადად ნახა მასობრივი მკვლელობისა და წამების კვალი - დამწვარი სახლები, განადგურებული ქუჩები, დამსხვრეული სათამაშოები და ამოხოცილი ოჯახებიდან გადარჩენილები, რომლებიც ჯერ კიდევ შიშით საუბრობდნენ რუსი ჯარისკაცების სისასტიკეზე. მისი ბუჩის რეპორტაჟები ასახავს არა მხოლოდ ომის საშინელებას, არამედ ადამიანების გამძლეობას, რომლებიც სიკვდილის ფონზეც კი იცავდნენ საკუთარ ღირსებას.
ისრაელში მიხეილ ხაჩიძე ორჯერ იმყოფებოდა ჰამასთან ომების პერიოდში. მან იმუშავა ღაზის სექტორთან, კიბუცებში, სდეროთსა და ნოვას ფესტივალის ტრაგიკულ ადგილას - იმ ადგილებში, სადაც ჰამასის ტერორისტებმა 7 ოქტომბერს ჯოჯოხეთი მოაწყვეს. ხაჩიძე შეხვდა გადარჩენილებს, ისრაელის ჯარისკაცებს, მძევლების ოჯახის წევრებს და მოხალისეებს, რომლებიც სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ სხვების გადარჩენას. მისი რეპორტაჟები გადმოსცემს არა მხოლოდ ტრაგედიას, არამედ იმ გამბედაობასა და ერთიანობას, რომელიც ძლიერი და თვალსაჩინოა ისრაელში ტკივილის ფონზე.
კუბა - მიხეილ ხაჩიძის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ჟურნალისტური მოგზაურობაა.
მან მოინახულა ჰავანა, ვარადერო, ტრინიდადი, სიენფუეგო და სხვა ქალაქები, სადაც კამერითა და ჩანაწერებით გადმოსცა კუნძულის უნიკალური ატმოსფერო - სიღარიბე და სილამაზე ერთდროულად, ცოცხალი მუსიკა, დროის შეჩერებული რიტმი და ხალხის საოცარი გამძლეობა კომუნისტური რეჟიმის პირობებში. მისი ფოტოები კუბადან აერთიანებს დოკუმენტურ სიზუსტესა და პოეტურ ხედვას - ცხოვრების სიყვარულს, რომელიც პოლიტიკური ჩაგვრის ფონზეც კი არ ქრება.
იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე