
ავტორი: ქეთევან ჯაფარიძე
გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
ქეთევან ჯაფარიძის მონოგრაფია ეძღვნება ონკოლოგიური დაავადების ფსიქოლოგიური ასპექტების თეორიულ ანალიზსა და ემპირიული კვლევის გზით ონკოლოგიური ავადმყოფისათვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აუცილებლობის დასასაბუთებლად საჭირო მტკიცებულებათა მოპოვებას. ფსიქოლოგიურად ონკოლოგიური დაავადების სიტუაცია ხასიათდება ექსტრემალური და კრიზისული სიტუაციის ყველა ნიშნით: მოულოდნელი წარმოქმნა, ვიტალური მუქარა, ჩვეული უსაფრთხო სამყაროს ხატის დამსხვრევა, კონტროლის დაკარგვა სიტუაციაზე, დაავადებაზე, მკურნალობასა და მთლიანად ცხოვრებაზე, რასაც უმწეობის განცდა მოჰყვება. კიბო, როგორც დაავადება სიკვდილის მაღალი რისკით, იწვევს ზე-ძლიერ სტრესს, რომელსაც მოჰყვება ინტენსიური ნეგატიური ემოციები, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ავადმყოფის არსებობის
ყველა დონეზე - სომატურზე, ემოციურზე, ფსიქოლოგიურზე, სულიერსა და სოციალურზე, აგრეთვე კოგნიტურ პროცესებზე. ონკოლოგიურ პაციენტთა 35-40% აქვს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი. მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალი არ არის გადარჩენილთა შორისაც: დაახლოებით ერთ მესამედს კვლავ აღენიშნება ესა თუ ის ფსიქიკური დარღვევა. ამასთანავე, ფსიქოლოგიური დისტრესი შეიძლება აღენიშნოს არა მარტო თავად ავადმყოფს, არამედ მის ოჯახის წევრებსაც. მომვლელის სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური დარღვევები, ძილის პრობლემები, ასევე ნეგატიურად აისახოს
ფიზიკურ ჯანმრთელობაზე - სომატური პრობლემები, დაღლილობა და უძილობა, იმუნიტეტის დაქვეითება. დასაბუთებულია, რომ ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის სტანდარტული პროგრამის ფარგლებში ხელს უწყობს დაავადებით გამოწვეული დისტრესისა და ფსიქოსოციალური ავადობის შემცირებას, პაციენტისა და მის ოჯახის წევრთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას როგორც მკურნალობის პროცესში, ისე მის შემდეგ და, საბოლოო ჯამში, გადარჩენის მაჩვენებლის ზრდას. ემპირიული კვლევა ჩატარდა კროს-სექტორული დიზაინით, შემთხვევით შერჩევაზე და მიზნად ისახავდა შედარებითი კვლევის ჩატარებას: იმ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობის (განწყობის)
შედარება, ვინც ფსიქოლოგიური მხარდაჭერით სარგებლობდა ან არ სარგებლობდა, აგრეთვე იმის გარკვევასაც, თუ რამდენად აცნობიერებს თავად მკურნალი ექიმი მკურნალობაში ფსიქოლოგის ჩართვის აუცილებლობას. დასახული მიზნიდან გამომდინარე, გამოკითხულ იქნა ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობის პროცესში ჩართული ყველა მხარე: ონკოლოგიური პაციენტი (434 პირი), ერთი ოჯახის წევრი (434 პირი), მკურნალი ექიმი (118 პირი) და ფსიქოთერაპევტი (118 პირი).
შედეგებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობა (განწყობა), ვინც ფსიქოლოგიური მხარდაჭერით სარგებლობს, გაცილებით უკეთესია, ვიდრე იმათი, ვინც ამ დახმარებით არ სარგებლობს. მაგრამ ფსიქოლოგიური მომსახურებით ონკოლოგიურ პაციენტთა მხოლოდ უმცირესობა სარგებლობს (27%±4%). პაციენტთა
და ოჯახის წევრთა უმრავლესობას ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აუცილებლობა არც განუმარტეს და არც შესთავაზეს.
მკურნალ ექიმთა უმრავლესობას ონკოლოგიურ ავადმყოფთა მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგის მნიშვნელობის შესახებ ჩამოყალიბებული აზრი არა აქვთ. ონკოლოგ-თერაპევტთა დაახლოებით ერთ მეოთხედს (26%±4%) მიაჩნია, რომ ფსიქოლოგის ჩართულობა შედეგზე არ აისახება.
ნაჩვენებია, რომ დღეს ქვეყანაში მოქმედი ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის სტანდარტი არ შეესაბამება ჯეროვანი
ონკოლოგიური მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც ეფუძნება ეფექტური ფსიქოსოციალური დახმარების საყოველთაოდ აღიარებულ მოდელს და შემუშავებულია რეკომენდაციები მოქმედი სტანდარტის სრულყოფისათვის. მულტიდისციპლინარულ მიდგომაზე დაფუძნებული ფსიქოსოციალური დახმარება აღიარებულ უნდა იქნეს ონკოლოგიურ პაციენტთა ჯეროვანი მკურნალობის განუყოფელ ნაწილად, ხოლო მის განვითარების ხელშეწყობა - სახელმწიფოს
მოვალეობად.
ქართული
სამეცნიერო
2026

იპოვეთ პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე